English / ქართული / русский /
მედეა მელაშვილი
ჯანდაცვის სფეროში ინოვაციური პროექტების დანერგვის აუცილებლობა

ანოტაცია.

ნაშრომში განხილულია ჯანდაცვა, როგორც მომსახურების სფეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი და გაანალიზებულია მისი ორგანიზების სამი ძირითადი ფორმა. ასევე გაანალიზებულია საქართველოში ჯანდაცვის სფეროში არსებული მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში, აქ მოქმედი ჯანდაცვის პროგრამების დადებითი შედეგები და პრობლემები.

საქართველოში ჯანდაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით და მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ავტორს შემოთავაზებული აქვს დარგში ახალი ინოვაციური მეთოდის ”სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის” დანერგვა.

საკვანძო სიტყვები: ჯანდაცვა, სოციალური პროგრამები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები, მომსახურების სფერო, ინოვაცია, სახელმწიფო-კერძო პარტნიორობა.

ჯანდაცვა არის მომსახურების სფეროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი დარგი, რომელიც მუდამ უნდა იყოს სახელმწიფოს პირველმნიშვნელოვანი ინტერესების რიგში. იგი წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური და სამედიცინო ღონისძიებების სისტემას, რომლის მიზანია ცალკეული ადამიანის და საერთოდ მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და მისი დონის ამაღლება. ეს არის უმსხვილესი სოციალური ინსტიტუტი, რომელიც მოიცავს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ამოცანებს: ჯანმრთელობის დაცვა, გაუმჯობესება, ადამიანებისათვის სამედიცინო და სოციალური დახმარების გაწევა, დაავადებათა რაოდენობის შემცირება, პროფილაქტიკა, სხვადასხვა ეპიდემიებთან ბრძოლა, ცხოვრების ხარისხის ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და სხვა.

ჯანდაცვა, როგორც მომსახურების დარგი, აერთიანებს  მომსახურებათა მრავალ არსებულ სახეობას და მოიცავს: სამედიცინო მომსახურებათა, ფარმაცევტულ, სანიტარულ და ჰიგიენის საშუალებების, მკურნალობის მეთოდების, სამედიცინო ტექნიკის, სამედიცინო ტექნოლოგიების, სამედიცინო დაზღვევის, სამეცნიერო-სამედიცინო იდეების და სხვათა ერთობლიობას. განვითა-რებული ქვეყნების ჯანდაცვის სფეროს უმთავრეს მიმართულებას წარმოადგენს ზრუნვა იმაზე, რომ ადამიანები არ გახდნენ ავად. ამ ამოცანის გადასაწყვეტად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დაცვის პრევენციული ზომების მიღება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარება, სწორი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაციის აქტიური გავრცელება.

რადგანაც მოსახლეობის ჯანმრთელობა ყველაზე მეტად ფასეული ეკონომიკური რესურსია და ვინაიდან მისი დაცვა სახელმწიფოს უპირველეს ამოცანას, სახელმწიფო პოლიტიკის საფუძ-ველს წარმოადგენს, ამიტომ ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება სახელმწიფოსათვის პრიორიტეტული უნდა იყოს. მოქალაქეები გარანტირებული უნდა იყვნენ საჭირო სამედიცინო მომსახუ-რებით, ამ დარგში მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, საჭიროების შემთხვევაში ისინი უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ სოციალური დახმარებებით, იღებდნენ პროფილაქტიკურ მომსახურებას დაავადებებისაგან დასაცავად და სხვ.

თანამედროვე პირობებში თითქმის ყველა მოწინავე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემები ერთნაირ პრობლემებს აწყდება: დაფინანსების დამატებითი წყაროების მოძიება, სამედიცინო დახმარების ხარისხის ამაღლება და მისი ორგანიზების უფრო ეფექტური და ინოვაციური ფორმების დანერგვა და სხვ. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა ამ პრობლემის გადაჭრას ჯანდაცვის საკუთარი მოდელიდან გამომდინარე უდგება. დღეისათვის გამოყოფენ ჯანდაცვის დარგის მოწყობის სამ სრულიად განსხვავებულ ფორმას:

1.  სახელმწიფო სისტემა (დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, დანია, ირლანდია, იტალია, შვეცია, პორტუგალია, ნორვეგია და სხვ.);

2.  სადაზღვევო სისტემა (გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ავსტრია, ბელგია, შვეიცარია, იაპონია და სხვ.);

3.  კერძო (ფასიანი) სისტემა (აშშ).

სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო სისტემის მქონე ქვეყანათა შორის ყველაზე ნათელი მაგალითი დიდი ბრიტანეთია. აქ ჯანდაცვის დაფინანსების ძირითად წყაროს სახელმწიფო ბიუჯეტი წარმოადგენს. სახელმწიფო პრაქტიკულად სრულად მოიცავს მთელი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებას. წამყვან როლს თამაშობს სახელმწიფო სამკურნალო დაწესებულებები. სამედიცინო მომსახურებას მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჯანდაცვის ეროვნული სამსახური (NHS), რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. იგი უზრუნველყოფს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებას, მედიკამენტებით მომარაგებას სტაციონარული მკურნალობის დროს და ა.შ. ინგლისში, რა თქმა უნდა, კერძო სამედიცინო სექტორიც არსებობს, მაგრამ მისი მომსახურებით მოსახლეობის მხოლოდ 10% სარგებლობს. თვითონ დარგის დაფინანსების 90% მოდის ბიუჯეტზე. ამდაგვარი სისტემის დადებითი მხარე ისაა, რომ სამედიცინო მომსახურება აუცილებლობის შემთხვევაში უფასოდ ხორციელდება და ხელმისაწვდომია ყველასათვის. უარყოფითი კი ისაა, რომ ადგილი აქვს უზარმაზარ რიგებს ე.წ. ოჯახის ექიმებთან, ასევე წვალებით მოპოვებული ჰოსპიტალიზაციის დრო და პაკეტიც ძალიან შეზღუდულია. ამის მიუხედავად, დღეისათვის დიდი ბრიტანეთი სწორედ ამ სისტემას იყენებს და იგი მეტად წარმატებულად ითვლება.

ბევრ ქვეყანაში გავრცელებულია სამედიცინო მომსახურების სადაზღვევო სისტემა. მის ავტორად ბისმარკი ითვლება. მისი ინიციატივით XIX საუკუნის მიწურულს გერმანიაში იქმნებოდა სოციალური სადაზღვევო ფონდები, საიდანაც ფინანსდებოდა მუშების (რომლებიც იმ დროისათვის პოტენციურ სამხედრო მოსამსახურეებად ითვლებოდნენ) მკურნალობა, გაიცემოდა დახმარებები უმუშევრობისათვის, პენსიები და ა.შ. ამ სისტემის მქონე ქვეყნებში ჯანდაცვის ბიუჯეტი იქმნება არა გადასახადების, არამედ სადაზღვევო შენატანების ხარჯზე, რომლებიც შეაქვთ ფონდში თვითონ დასაქმებულებს და ასევე მათ დამქირავებლებს. ეს სისტემაც ხელმისაწვდომია მთელი მოსახლეობისათვის. ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო ითვლება სამედიცინო მომსახურების განხორციელების  გარანტად.

როგორც აღვნიშნეთ, არსებობს ასევე სამედიცინო მომსახურების კერძო ანუ ფასიანი მოდელი. ეს ფორმა ითვალისწინებს კერძო სამედიცინო პრაქტიკის არსებობას, მომსახურების მიღება შეიძლება მხოლოდ პაციენტის ხარჯზე. ეს ფორმა განვითარებულია აშშ-ში. მისი ძირითადი ნიშანია სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო სისტემის არარსებობა. ეს სისტემა ეკონომიკურად ყველაზე მეტად ეფექტურად ითვლება, რადგანაც აძლიერებს კონკურენციას შიდა სამედიცინო ბაზარზე. აქ აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მისი არსებობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს კარგად განვითარებული ფართო სამედიცინო ქსელის არსებობა, მოსახლეობის მაღალი გადახდისუნარიანობა. თუმცა ამ შემთხვევაში სრულიად გამორიცხულია სამედიცინო მომსახურების სოციალური მხარე: მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი (ინვალიდები, ქრონიკული ავადმყოფები და სხვ.) რჩება სამედიცინო მომსახურების გარეშე, ან, უკეთეს შემთხვევაში, ძალიან დაბალკვალიფიციური მკურნალობის ამარა.

ჩვენს ქვეყანაში დღეისათვის ფუნქციონირებს ე.წ. სადაზღვევო სისტემა. საქართველოში 2013 წლიდან ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რომლის მონიტორინგს ახორციელებდა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ფრიდრიხ ებერტის ფონდი”-ს. ამ ფონდის მონაცემებით, 2012 წელს სამედიცინო მომსახურებაზე ე.წ. ”ჯიბიდან გადახდების” წილი დაახლოებით 79%-ს შეადგენდა. დღეისათვის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება გეგმური და გადაუდებელი ამბულატორიული, სტაციონარული, ქირურგიული, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა და მშობიარობის მაქსიმალური დაფარვა. ჩატარებული კვლევის თანახმად, 2014 წელს გამოკითხულ ბენეფიციართა 80.3% კმაყოფილი იყო აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული ამბულატორიული, ხოლო 96.4% _ ჰოსპიტალური სერვისით.

ოფიციალური ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 2 წელიწადში 2 882 238 მოქალაქე დაეზღვია, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამაზე, ჯამში, 358 166 527 ლარი დაიხარჯა.

საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების 100% უზრუნველყოფილია სამედიცინო დაზღვევით, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის პრობლემები: ბენეფიციართა დაბალი ინფორმირებულობა, პროფილაქტიკური სერვისის გაუთვალისწინებლობა, მედიკამენტების მაღალი ფასი – ეს არის სამი ძირითადი ხარვეზი, რაც საქართველოში ჯანდაცვის პროგრამების კიდევ უფრო წარმატებით განხორციელებას უშლის ხელს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”სოცკოდექსის” მიერ 2014 წელს განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა. ბოლო პერიოდის მდგომარეობით, ჯანდაცვის დანახარჯებიდან ძალიან მაღალია მედიკამენტებზე დახარჯული თანხა. ზოგი კვლევის მიხედვით, ეს არის 40%, ზოგი კვლევით კი – 60%, რაც წარმოუდგენლად მაღალია. სასურველია, რომ იგი მკურნალობის ხარჯების 1/3-ზე მეტი არ იყოს.

საქართველოს ბიუჯეტში ჯანდაცვის სფეროსათვის გამოყოფილი თანხები, რომლებიც აქ განხორციელებული პროგრამების დაფინანსებას მოხმარდა, 2012-2016 წლებში ასე გამოიყურება (მთელი ბიუჯეტის %): 2012 – 1 მლრდ 792 მლნ – 28.52%; 2013 – 2 მლრდ 369 მლნ – 34.37%; 2014 – 2 მლრდ 952 მლნ - 36.25%; 2015 – 3 მლრდ 445 მლნ – 39.08%; 2016 – 4 მლრდ 347 მლნ – 49.08%.

ამ პერიოდში ჯანდაცვის სფეროში საერთოდ მოქმედებდა 8 პროგრამა, მაგრამ ამათგან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს შემდეგი ორი:

I. ”სოციალური დაცვა და პენსია” - 2012-2016 წლებში დახარჯულია (ჯანდაცვის ბიუჯეტის %):

2012 – 1 მლრდ 359 მლნ – 75.86%; 2013 – 1 მლრდ 652 მლნ – 69.74%; 2014 – 2 მლრდ 221 მლნ – 75.27%; 2015 – 2 მლრდ 430 მლნ – 70.54%; 2016 – 2 მლრდ 759 მლნ – 63.47%.

II. პროგრამისათვის ”ჯანდაცვა” - 2012-2016 წლებში დახარჯულია (ჯანდაცვის ბიუჯეტის %):

2012 – 357.6 მლნ – 19.95%; 2013 – 633.7 მლნ – 26.75%; 2014 – 633.4 მლნ – 21.46%; 2015 – 905.8 მლნ – 26.29%; 2016 – 1 მლრდ 470 მლნ – 33.8%.

2017 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქვეყანაში პრიორიტეტულად რჩება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პროგრამის დაფინანსება. ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 3 მლრდ 330 მლნ ლარს. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის – 2 413.0 ათასი ლარი; ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისათვის – 831.0 მლნ ლარი.

ჩვენ მიერ მოყვანილი ციფრებიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში, წლიდან წლამდე, ადგილი აქვს როგორც მთლიანად ჯანდაცვის სფეროს, ასევე, რაც განსაკუთრებულად საყურადღებოა, ჯანდაცვის სფეროში მოქმედი პროგრამების დაფინანსების ზრდას. თუმცა ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს საკმარისი არ არის. აუცილებლად უნდა მოიძებნოს გზები ამ დარგში კიდევ უფრო ფართო პროგრამების ამოქმედებისათვის და ამ მიზნით დაფინანსების მნიშვნელოვნად გაზრდისათვის. ისიც აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა არ არის დამახასიათებელი მხოლოდ საქართველოსათვის. ჩვენზე ეკონომიკურად შედარებით უკეთ განვითარებულ ქვეყნებშიც იგი ერთ-ერთ ძნელად გადასაჭრელ პრობლემად რჩება. ჩვენ მიერ ჯანდაცვის სფეროს ორგანიზებაში ზემოთ აღწერილი არც ერთი მეთოდი არ არის უნაკლო.

ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს, შექმნას რაღაც ჰიბრიდული მოდელები, გამოიყენოს არსებული სისტემების გარკვეული ელემენტები. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ვერ ხერხდება იდეალური შედეგების მიღწევა. ყველა მოდელი ქმნის პირობებს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის საერთოდ სამედიცინო მომსახურების ან კვალიფიციური მომსახურების გარეშე დატოვებისათვის, თითქმის ყველგან, სამედიცინო დაზღვევის არსებობაც კი სრულებითაც არ ნიშნავს სრული სამედიცინო მომსახურების მიღებას, რადგან დაზღვევის პირობებით იგი ”დოზირებულია”, ანუ ადამიანს ხშირად დიდხანს უხდება ლოდინი მკურნალობის კურსის ჩატარებისათვის და ა.შ. სწორედ ამიტომ თანამედროვე მსოფლიოში ფართოდ ინერგება ჯანდაცვის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირების სხვადასხვა ინოვაციური მექანიზმი. ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესოდ გვეჩვენება ჯანდაცვის სექტორში ”სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის” მოდელის მსოფლიო გამოცდილება.

ჯანდაცვაში სახელმწიფოს და კერძო ბიზნესის პარტნიორობა არის მათი თანამშრომლობა ჯანდაცვის განვითარების პრიორიტეტული ამოცანების განსახორციელებლად, სარგებლების, ხარჯების და რისკების ერთმანეთს შორის განაწილების მეშვეობით, გრძელვადიანი და, რაც მთავარია,  ნებაყოფლობითი პრინციპებისა და ჯანდაცვის სისტემაში არსებული არასაკმარისი დაფინანსების გათვალისწინებით. ”სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის” მოდელის გამოყენება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იგი ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი მექანიზმია. მსოფლიოში არსებული გამოცდილებით, ”სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის” ახალი ინოვაციური მოდელის დანერგვა საშუალებას იძლევა, მოხდეს დანახარჯების ოპტიმიზაცია, სამედიცინო ბაზრის სისტემატიზაცია და იგი განვითარდეს რეალური საჭიროებების გათვალისწინებით. ასევე, მნიშვნელოვანია ”სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის” მოდელის მეშვეობით ჯანდაცვის არსებული ობიექტების რეკონსტრუქციის ინვესტირება, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი კლინიკების ქსელის შექმნა, მაღალკვალიფიციური პერსონალის მოზიდვა, სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ამაღლება და სხვ.

”სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის” მოდელის ინოვაციურობა, რაც საბოლოოდ მის ეფექტურობას განსაზღვრავს, მის ძირითად მახასიათებლებში  გამოიხატება. ესენია:

• სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების სარგებლების, რესურსების, რისკების, პასუხისმგებლობის ერთმანეთს შორის განაწილება;

• სოციალურად მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტა სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის ურთიერთთანამშრომლობით;

•  სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობის გრძელვადიანი ხასიათი;

•  სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობის სამართლებრივად გამყარება;

•  პარტნიორულ თანამშრომლობაში ნებაყოფლობითი მონაწილეობა;

•  კერძო ბიზნესის მიერ შესრულებულ სამუშაოზე ხარისხის კონტროლის მექანიზმების არსებობა.

აღნიშნული მოდელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი დაბალშემოსავლიანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, სადაც სახეზეა ჯანდაცვის სექტორის არასაკმარისი დაფინანსება და სადაც სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების ეკონომიკური ეფექტიანობა უმთავრესად ძალიან დაბალია.

საქართველოში ”სახელმწიფო-კერძო პარტნიორული” მოდელის ჯანდაცვის სექტორში დანერგვის უმთავრესი პრობლემა დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ ეს მეთოდი მოწინავე ქვეყნებისთვისაც ახალია და ამიტომ ჯერ კიდევ არსებობს მისი დანერგვის და ამ დანერგვის შედეგად მისი ეფექტურობის და შესაძლო სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი შედეგების შეფასების სათანადო გამოცდილება. თუმცა, მიუხედავად ამისა, უკვე ნათლად ჩანს, აღნიშნული მეთოდი მეტად ეფექტურია სწორედ ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა, სადაც ჯანდაცვის სფეროში საკმაოდ შეზღუდული საბიუჯეტო რესურსები არსებობს, ადამიანებს კი აუცილებლად სჭირდებათ, დროულად მიიღონ საჭირო ხარისხიანი და სანდო სამედიცინო მომსახურება. ამიტომ საქართველოში ჯანდაცვაზე სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაციის, სამედიცინო მომსახურების ეფექტიანობის ამაღლების და ამ საქმეში კერძო ბიზნესის წარმატებით ჩართვის მიზნით, ყველაზე ეფექტური გზა სწორედ ”სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის” ინოვაციური მოდელის დანერგვაა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას, ასევე, რა თქმა უნდა, ხარისხსაც.

გამოყენებული ლიტერატურა

1.  აბესაძე რ., ბურდული ვ. საქართველოს ეროვნული ინოვაციური სისტემის თანამედროვე მდგომარეობა  და მისი ფორმირების პრიოტიტეტები. საერთაშორისო ჟ ”ეკონომისტი”, ტ. XII,, 2017(1).

2.  http://ru.theglobaleconomy.com/Georgia/Health_spending_as_percent_of_GDP/

3.  http://gov.ge/files/53185_53185_636375_mtavrobis_programa_27.12_.15.pdf

4.  http://news.ge/ge/news/story/35175-akhali-samtavrobo-programa ახალი სამთავრობო პროგრამა.

5.  http://www.georgianpolitics.com ბიოსამედიცინო მეცნიერებისა და ჯანმრთელობის კვლევების როლი ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში

6.  http://www.ipress.ge/new/40158-sergo-chikhladzem-

7.  http://cardio.ge/new.php?id=20 სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მოდელი – ჯანდაცვის ინოვაციური მექანიზმი.

8.  https://heconomic.wordpress.com/2013/07/28/strategy/აქართველოს ჯანმრთელობის დაცვის 2011-2015 წწ. სახელმწიფო სტრატეგია.

9.  http://cyberleninka.ru/article/n/innovatsionnoe-razvitie-zdravoohraneniya

Е.Ф. Бердникова ИННОВАЦИОННОЕ РАЗВИТИЕ ЗДРАВООХРАНЕНИЯ.

10.  http://bibliofond.ru/view.aspx?id=831308.